logo
ENG



"პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს" - Human Rights Watch

10 მაი 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/6k3tqokj6gb996z.jpg

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში.

ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს.

"საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის შემოღება, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში.

კანონპროექტმა, რომელიც განიხილება 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, გამოიწვია საქართველოს ორმხრივი და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა და გამოიწვია ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი", - ნათქვამია განცხადებაში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყანაში კრიტიკული ხმების მარგინალიზებას და ჩახშობას, რაც ფუნდამენტურია ნებისმიერი მოქმედი დემოკრატიისთვის.

"პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტური გამოძიება", - წერია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.


close დახურვა